კორონავირუსი

რატომ არ ჩაუტარდა მარნეულელ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი პირველივე დღეს

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, “რაოდენობა კიდევ უფრო მეტია”. ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს -  “ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“. 

ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში დაავადდა და მოგზაურობის ისტორია დამალა. თუმცა, 23 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ეპიდანამნეზის მიხედვით, ბოლო კვირებში აზერბაიჯანში არა თავად პაციენტი, არამედ მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

ეს მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევაა, რაც შიდა გავრცელებას გულისხმობს - ქალი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ინფექცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აქვს თანმხლები დაავადები.

Პაციენტის ავადმყოფობის ისტორია

ცნობილია, რომ 60 წელს გადაცილებულმა ქალმა მარნეულის ჯეო ჰოსპიტალს 18 მარტს მიმართა. მას იმავე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, თუმცა, კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ მესამე დღეს, 21 მარტს ჩაუტარდა. ექიმებმა კორონავირუსზე ეჭვი მდგომარეობის დამძიმების გამო მიიტანეს.  

“როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ქალბატონი შესულია კლინიკაში 18 რიცხვში, პირველივე დღეს დაუდასტურდა მწვავე პნევმონია. ეპიდანამნეზით, Covid 19-თან ინფიცირებულის კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე ეჭვი იქნა მიტანილი Covid 19-ზე, ჩატარდა, დადასტურდა კორონავირუსი, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე რესპირატორული დისტრესია და პაციენტი გადაყვანილ იქნა აპარატზე. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა მისი ტესტირება", - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი. 

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი სისტემურ პრობლემაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ბევრ კითხვას აჩენს ის პერიოდი, რაც პაციენტისთვის ტესტის ჩატარებამდე პერიოდში დაიკარგა.

ყურადღებას გავამახვილებდი სისტემურ პრობლემაზე, ჰოსპიტალს, დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს და შემდეგ ისევ ჰოსპიტალის ჯაჭვზე. ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ვადა, ის პერიოდი, ის დრო, რაც ჩვენ დავკარგეთ ამ პაციენტის შემთხვევაში. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პაციენტი იყო კლინიკაში, აგრძელებდა მკურნალობას, იყო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, სად დაიკარგა ინფორმაცია, სად იყო არასწორი რეაგირება... თუ ჩვენ ამას შევხედავთ როგორც სისტემურ პრობლემას და არ დავუწყებთ დევნას სათითაოდ თითოეულ კონტაქტს, მეზობელს და ნათესავს, ბევრად ეფექტური იქნება” - ამბობს კალოიანი TV პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ “იმ რეკომენდაციამ, იმ სისტემამ ინფორმაციის გადაცემის და მასზე რეაგირების, არ იმუშავა, ან იმუშავა დაყოვნებით”.

Მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კლინიკები უზრუნველყოფილები იყვნენ კორონავირუსის დადგენის სწრაფი ტესტებით.

“დაცვის სტრატეგიით მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კვირა, მაგრამ იმ არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, რაც დღეს სახეზე გვაქვს, შეიძლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოქროს ორი კვირა დავკარგოთ… კლინიკებს სჭირდება კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებები, დაცვის საშუალებები” - ამბობს კალოიანი.

ექიმის თქმით, ფაქტი სახეზეა, რომ “სისტემამ ვერ იმუშავა ისე, როგორც საჭიროა - რადგან ჩვენ გვაქვს გამორთული ჰოსპიტალი, ძალიან მნიშვნელოვანი, ოქროს ფასის მქონე პერსონალი გამოკეტილი საავადმყოფოში.” კალოიანი ამ კონტექსტში მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის კარანტინის რეჟიმში გადასვლას გამოეხმაურა - პაციენტისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ, კლინიკამ ყველა იმ ექიმის და ექთნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელსაც მასთან შეხება ჰქონდა. ზოგი თვითიზოლაციაში იმყოფება თავის ოჯახთან ერთად, ხოლო 14 ექიმი კლინიკაში კარანტინის რეჟიმში დარჩება. ერთერთ თანამშრომელი ცხელების გამო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

Რატომ არ ჩაუტარდა კორონავირუსზე ანალიზი პაციენტს პირველივე დღეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, "ეს ექიმების შეცდომა არ არის" და "[სწრაფი] ტესტი არ გახლავთ პანაცეა". TV პირველის ეთერში საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პაციენტს არ ჰქონდა მძიმე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები.

"მედიცინაში ხდება შეცდომები, მაგრამ ამასთან ახლა საქმე არ გვაქვს. შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ ეპიდანამნეზის მიხედვით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ქალბატონი თვითონ არ ყოფილა აზერბაიანში ბოლო კვირების განმავლობაში, იყო მისი ოჯახის წევრი ერთერთი… მან მიმართა საავადმყოფოს ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც ახასიათებს გრიპს და ალერგიას" - ამბობს გამყრელიძე.

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, "უნდა ჩატარებოდა ტესტი, დამეთანხმეთ", დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს - "არა, ძალიან გთხოვთ რა, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დამტკიცებული განსაზღვრება - რა არის კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული დაავადება, თუ ის არ ჯდება ამ განსაზღვრებაში, მაშინ ტესტი არ კეთდება საერთოდ. ტესტი არ გახლავთ პანაცეა, იმ ქალბატონს არ დაკლებია არაფერი, ის, რა გადაუდებელი მკურნალობაც რესპირაციული დაავადებისას სჭირდება ადამიანს".

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ კორონავირუსს არა სპეციფიკური, არამედ, სინდრომული მკურნალობა სჭირდება.

"მას უტარდებოდა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რაც ტარდება მწვავე რესპირაციული დაავადების დროს, როგორც მაქვს ინფორმაცია, შესვლისას ის არ იყო მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, როგორც გახლავთ განსაზღვრებაში. როოგრც კი შესვლიდან მეორე თუ მესამე დღეს ეს გახდა, გამოიძახეს ჩვენი ბრიგადა, გაკეთდა კორონავირუსზე რეაქცია, ის აღმოჩნდა დადებითი და გადაიყვანეს შესაბამის კლინიკაში, სადაც მკურნალობა გაგრძელდა. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, რომ იქ შეცდომა იქნა დაშვებული" - ამბობს გამყრელიძე.

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, პროტოკოლი, რომლითაც ჯეო ჰოსპიტალმა მარნეულელი პაციენტის მიმართ იხელმძღვანელა, მოძველებულია. მისი თქმით, "აცდენა იყო ჯაჭვში".

“პროტოკოლები ყოველდღიურად იცვლება, ის პროტოკოლი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობდით და დღეს ეს ქალბატონი ახლა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში, დღეს უკვე მოძველებულია, ძალიან აქტიური მოდევნება სჭირდება ამას. ჯერ კიდევ არ გვაქვს პროტოკოლი...".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 64 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები