აკირა კუროსავა

ხუთი ფილმი აკირა კუროსავას შემოქმედებიდან

Monday Movie Nights

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორის, აკირა კუროსავას დაბადებიდან 110 წელი გავიდა. 

იაპონური კინოს ლეგენდამ 57 წლის განმავლობაში 30 ფილმი გადაიღო. კუროსავა კანის, ვენეციის, ბერლინის, სან-ფრანცისკოს, სან-სებასტიანის, მოსკოვის კინოფესტივალების ლაურეატია, აქვს მოპოვებული ოსკარი და ბაფტა. მისი შემოქმედება არაერთი რეჟისორის შთაგონების წყაროა.

წარმოგიდგენთ ხუთ ფილმს აკირა კუროსავას შემოქმედებიდან:

შვიდი სამურაი

1954 წელს გადაღებულმა სურათმა მალევე საკულტო სტატუსი მოიპოვა. ფილმზე მუშაობის პერიოდში კუროსავა ჯიდაიგეკის(იაპონური ხელოვნების ტრადიციული, ისტორიული ჟანრი) სტილის შესწავლით იყო გატაცებული. შვიდმა სამურაიმ საკულტო სტატუსი მალევე მოიპოვა, 1960 წელს ფილმის ამერიკული რიმეიქი შესანიშნავი შვიდეული გამოვიდა.

რასიომონი

1950 წელს გადაღებულ ფილმს იაპონელი კლასიკოსი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ორი მოთხრობა "რასიომონი" და "უსიერ ტყეში" უდევს საფუძვლად. სურათში ერთი ისტორია სამი პერსონაჟის თვალთახედვით არის გადმოცემული. სიუჟეტის გადმოცემის ამ ხერხს ხელოვნებაში რასიომონის ეფექტი ეწოდა. რასიომონისთვის კუროსავამ ვენეციის კინოფესტივალის ორი ჯილდო და ოსკარი მოიპოვა.

ტახტი სისხლში

უილიამ შექსპირის მაკბეტის იაპონური ადაპტაცია. კუროსავა ფილმის გადაღებას ჯერ კიდევ 40-იან წლებში გეგმავდა, თუმცა 1948 წელს გამოსული ორსონ უელსის მაკბეტის გამო რეჟისორმა სურათზე მუშაობა გადაიფიქრა. იაპონელი გენიოსი პროექტს 1957 წელს მიუბრუნდა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას კუროსავამ ნამდვილი ისრები გამოიყენა, რათა მთავარი როლის შემსრულებელ ტოსირო მიფუნეს სახეზე აღბეჭდილი ბუნებრივი შიში ფირზე გადაეტანა.

მცველი

1961 წელს გადაღებული ფილმის მთავარი გმირი სამურაია, რომელიც ყაჩაღების ორი ბანდის დაპირისპირებაში ერთვება. კიდევ ერთი სურათი, რომელსაც დასავლური რიმეიქი მოჰყვა - სამი წლის შემდეგ სერჯიო ლეონეს მიერ გადაღებული ერთი მუჭა დოლარისათვის სწორედ მცველს ეფუძნება. კუროსავამ მოგვიანებით მცველის გაგრძელება - სანძიურო გადაიღო. 

რანი

კარიერის მიწურულს რეჟისორმა უილიამ შექსპირის კიდევ ერთი ტრაგედიის - მეფე ლირის ეკრანიზაცია გადაიღო. 1985 წელს გამოსული ფილმი გამოგონილი მხედართმავრის იტიმონძი კაგეტორას და მისი სამი შვილის ურთიერთობას ასახავს. სურათისთვის კუროსავამ იტალიური კინოაკადემიის ჯილდო - დავიდ დი დონატელო მიიღო. 

კომენტარები