კორონავირუსი

დეკანოზი თამაზი მამა შალვაზე: რასაც ის ამბობს, არის დანაშაული მრევლისა და ხალხის წინაშე

მამა თამაზ ლომიძე

"რასაც ეს მოძღვარი ამბობს, არის უბრალოდ დანაშაული მრევლის და ხალხის წინაშე" - ასე ეხმაურება დეკანოზი თამაზ ლომიძე მამა შალვა კეკელიას სიტყვებს, რომ მზად არის დაიჭირონ, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდეს

"ეკლესიის დათმობისკენ არავინ მოუწოდებს ხალხს. ახლა საციცოცხლოდ საჭიროა თავის შეკავება ერთმანეთთან ახლო კონტაქტისგან. პირიქით უნდა მოუწოდოს მრევლს, დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ ექიმების დაჟინებული თხოვნაო. ამ ხალხს არ ესმის, რამდენად სერიოზულადაა საქმე. ხალხი კვდება ყოველდღე ამ ინფექციით, ნუთუ არ გესმით?!" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.   

დღეს, 21 მარტს, მამა შალვა კეკელიამ თქვა, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, აღდგომას წირვაზე წავა. 

"ურწმუნოება მომკლავს თუ ვირუსი მომკლავს, მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წავიდე. მე, მაგალითად, მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე", - თქვა მამა შალვამ. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს".

კომენტარები