იდრის ელბა

იდრის ელბა: მთელი ცხოვრებაა ასთმა მაქვს და კორონავირუსი არ იყო ჩემი სურვილების სიაში

Vanity Fair

იდრის ელბამ ტვიტერზე ხალხის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და თავისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

3 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 47 წლის ბრიტანელ მსახიობს კორონავირუსი დაუდგინდა.

იდრის ელბამ ხალხთან საუბარი თხოვნით დაიწყო, რომ არ გაევრცელებინათ კონსპირაციის თეორია, თითქოს შავკანიან ადამიანებს კორონავირუსი არ ემართებათ.

"ეს სისულელეა, ძალიან საშიშია. გთხოვთ, ხალხო, ახლა არ არის დრო. საჭიროა ხალხმა იცოდეს ფაქტები და სიმართლე, რათა დაიცვან საკუთარი თავები. შეეშვით მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას, ეს საშიშია. არა მხოლოდ შავკანიანი ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის", - თქვა მან.

ამის შემდეგ მსახიობმა ხალხს აუხსნა, სიმპტომების არქონის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტა COVID-19-ზე ტესტირების ჩატარება.

მისი თქმით, მას გასულ პარასკევს შეატყობინეს, რომ ის ისეთ ადამიანთან იყო კონტაქტში, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა. მას ამ დროს ახალი ფილმის გადაღებები უნდა დაეწყო და გადაწყვიტა თვითონაც სასწრაფოდ გაეკეთებინა ტესტირება, რადგან არსებობის შემთხვევაში კორონავირუსი არ გაევრცელებინა.

"ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ ტესტი მალე გავიკეთეთ. ჩემი პერსპექტივიდან ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ბევრ ადამიანთან ერთად მომიწევდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა', - თქვა მან.

იდრის ელბას თქმით, როგორც კი ვირუსი დაუდგინეს, მას შემდეგ კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

მისივე თქმით, ის "ზოგადად თავს კარგად გრძნობს" და არ აქვს სიცხე. რადგანაც მსახიობის თანმდევი დაავადება ასთმაა, ის რისკ-ჯგუფში შედის და კორონავირუსს უფრო მარტივად შეუძლია მის სასუნთქ სისტემაზე მოქმედება.

"მთელი ცხოვრებაა ასთმა მაქვს და კორონავირუსი არ იყო ჩემი სურვილების სიაშია. თუმცა, ჩემი ასთმაც კი თავს კარგად გრძნობს", - თქვა მსახიობმა.

ლაპარაკისას იდრის ელბამ ტომ ჰენქსს მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, მან მოტივაცია მისცა კორონავირუსის შესახებ საჯაროდ ეთქვა.

"მე ძალიან ვამაყობ ტომ ჰენქსით, რომელიც ასევე საჯარო პირია, გამოვიდა და თქვა, რომ მას ვირუსი აქვს და ამის შესახებ საჯარო იყო. მე ტომის ქცევით მოტივირებული ვიყავი", - თქვა მსახიობმა.

ტომ ჰენქსსა და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსის დიაგნოზი გასულ კვირაში დაუსვეს. თუმცა, ისინი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

კომენტარები