დეზინფორმაცია

კაპანაძე: მთავრობის ამოცანა ამ პირობებშიც კი, რჩება ოპოზიციის გაშავება დეზინფორმაციით

სამთავრობო მედია ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე მე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ და რომ პანიკა მოვაწყვე აეროპორტში და რომ იტალიიდან ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ.

აქ განვმარტავ ამ ერთხელ, მათ გასაგონად, ვისაც მართლა აინტერესებს რაშია საქმე. ბინძურ და ნაძირალა ტროლებს არ ვპასუხობ, რა თქმა უნდა.

ნამდვილად ვიყავი პირად საქმეზე ორი დღით კიევში (და არა იტალიაში). კიევიდან წამოვედი წინა პარასკევს, 13-ში. ამ დროს არ იყო დაკეტილი ფრენები, გარდა იტალიისა, ჩინეთისა და ირანისა.

- ის რეისი რომლითაც ჩამოვედი იყო რეგულარული რეისი კიევი-თბილისი და არა იტალიიდან მგზავრების ჩამომყვანი სპეც რეისი, როგორც ამას სამთავრობო მედია ტროლები ავრცელებენ

- იმ რეისით ჩამოსული მგზავრები გაატარეს თერმოშემოწმებაზე (სიცხეზე) და შემდეგ ჩეულებრივად გაუშვეს სახლში, რადგან კიევიდან ჩამოსული რეისი არ ექვემდებარებოდა არც კარანტინს, არც იზოლაციას და ა.შ.

- აბსოლუტურად არავის არ უთქვამს არც ერთი მგზავრისთვის და მით უმეტეს ჩემთვის, რომ რამე ზომები იყო მისაღები ჩამოსვლის შემდეგ, ან კარანტინი, ან თვითიზოლაცია ან რამე სხვა ზომა. ეს გასაგებიცაა, რადგან სანამ ფრენები აიკრძალებოდა დღეში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისში სხვადასვა რეისებით იმ ადგილებიდან, საიდანაც არ იყო აკრძალვები.

- მთელი გზა აქედან და იქედან ვმგზავრობდი სპეციალური სამედიცინო ნიღბით, ჩემივე გადაწყვეტილებით.

- კომენტარს იმაზე, რომ რაღაც პანიკა და ისტერიკა მოვაწყვე, არც გავაკეთებ, იმდენად დიდი მარაზმია.

- ამ რეისზე თუ იყვნენ სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, იტალიიდან მომავალი მგზავრები, ეს ჩემთვის არც მაშინ არ იყო ცნობილი და არც ახლაა ცნობილი. თუ ასე იყო და ამ რეისის მგზავრებმა რამე განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, ამაზე ალბათ ვინმე უნდა დაგვკავშირებოდა და ეცნობებინა.

შესაბამისად, არანაირი თვითიზოლაციის და კარანტინის წესი არ დამირღვევია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არანირი მსგავსი რეკომენდაცია, არაფერს ვამბობ დავალდებულებაზე, იმ რეისის მგზავრების მიმართ. არ ყოფილა.

ამის მიუხედავად, შაბათს და კვირას ჩემივე გადაწყვეტილებით ვიყავი თვითიზოლაციაში, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ამის მერეც, სახლიდან გამოვდივარ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად გუშინ ვიყავი პარლამენტში კენჭისყრაზე, ისევ ნიღბით და ხელთათმანებით.

მესმის, რომ პანიკაა ქვეყანაში და ისიც მესმის, რომ მთავრობის ამოცანა ამ პირობებშიც კი, რჩება ოპოზიციის გაშავება და დაზიანება. ამიტომ, ამას მშვიდად აღვიქვამ. უბრალოდ, ნაძირლობას როდესაც სჩადის კონკრეტული ვაი-ჟურნალისტი და სამთავრობო მედია ტროლი, ვიტოვებ უფლებას, ასეთად შევაფასო.

სერგი კაპანაძე მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სოციალურ ქსელში წერს. რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს ლიდერებზე ყალბი ინფორმაციები ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ ყალბი ამბების ფეისბუქ-გვერდზე "სირცხვილის კორიდორი" გამოქვეყნდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ თითქოს თქვა, რომ ნანობს, რომ ენმ-ის ხელისუფლებამ "შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, ამირან გამყრელიძე არ დაიჭირა".

კომენტარები