საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით სამინისტრო ახალი კორონავირუსის დამატებით 20 ათასს ტესტს ყიდულობს. გაბუნიამ სამინისტროს უკვე არსებულ მარაგებზეც ისაუბრა.
"ჩვენ უკვე გვაქვს 3 ათასი ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია დამატებით 20 ათასი ტესტი", — განაცხადა თამარ გაბუნიამ. ეკატერინე ტიკარაძის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებს ერთდროულად 100 ტესტის ჩაბარება შეუძლიათ.
გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი ყველა საეჭვო შემთხვევების დაუყოვნებლივი ტესტირების და ამ მიმართულებით შეფერხება არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე ისაუბრა მინისტრმა, ტიკარაძემაც.
"დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლის მზაობა ყველა შერჩეულ საავადმყოფოს ეტაპობრივად შეუძლია. ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო მოსახლეობა - ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება. დღეს უკვე მომზადებული გვაქვს 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება", — ამბობს ტიკარაძე.
დღეს 17 მარტს დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი და მისი შედეგებს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით - Covid-19-ით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო 64 სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით განკურნების მხოლოდ ერთი შემხთხვევაა დადასტურებული. როგორც ცნობილია გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.





