კორონავირუსი

იტალიაში დაღუპულთა რიცხვი 196-ით გაიზარდა და 827 გახდა, 24 საათში კიდევ 2313 ადამიანი დაინფიცირდა

ABC

ბოლო 24 საათში იტალიაში კიდევ 196 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 827-ია. 11 მარტის მონაცემებით, ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 მარტს ახალი შემთხვევების რაოდენობა - 977 იყო, ხოლო დაიღუპა - 168.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 12 462 შემთხვევა. აქედან 1 045 გამოჯანმრთელდა. 1 028-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ჩინეთის შემდეგ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობით იტალია მსოფლიოში მეორეა.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის 7 მარტის მონაცემებით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა - ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამსახურის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 124 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 67 050 პირი, გარდაიცვალა 4 585.

საქართველოში, ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები