ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაშია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ოპოზიციის ლიდერი და ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია სოჭში მდებარე კლინიკაში მედიკამენტოზურ კომაშია. ის აქ ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, მედიკამენტოზური კომა კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ კრასნოდარში მისი ტრანსპორტირება მოხერხდეს.

რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობიტ წერს, რომ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციაა.

მისი ჯანმრთელობის პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ე.წ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს უნდა გაიმართოს. მასში ოპოზიციის კანდიდატ ბჟანიასთან ერთად, აფხაზეთის ე.წ მთავრობის წარმომადგენელი, ადგურ არძიმბა და ყოფილი ე.წ შს მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა მონაწილეობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წლის იანვარში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. უკმაყოფილება 8 იანვარს ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. ე.წ ოპოზიციამ შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. მაშინ ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, ალხაზ კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

12 ინვარს ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა, გადადგომამდე კი სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი "სიტუაციის დასაწყნარებლად” ჩავიდა.

კომენტარები