სალომე ზურაბიშვილი

ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არქეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ვიზიტებისას მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით მოხდეს საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესებული ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება. 

"გასული წლის დასაწყისიდან ჩემი პატრონაჟით მუშაობს ქუთაისის პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, პრეზიდენტს არ გააჩნია დარგის მხარდასაჭერი ფინანსური რესურსი, მაგრამ მე მაქვს ბევრი სხვა რესურსი. ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა უცხოეთში და მისი კონტაქტები შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მეტი პარტნიორი და მეტი თანამშროლობა",-თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა არქეოლოგიის დარგის განვითარებისათვის ქართველი სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ სტუდენტებს უნდა დავუბრუნოთ "არქეოლოგიის გემო". 

ზურაბიშვილმა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

კომენტარები