ბორის ნემცოვი

აშშ რუსეთს: მოგიწოდებთ, ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები და დამკვეთები დაადგინოთ

Atlantic Council

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს მაღალჩინოსნებს მოუწოდა, კრემლთან მოკლული რუსული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები და დამკვეთები დაადგინოს.

"ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-5 წლისთავზე რუს მაღალჩინოსნებს მოვუწოდებთ, გამოიძიონ ეს საშინელი დანაშაული, დაადგინონ ორგანიზატორები და დამკვეთები. ბორის ნემცოვი შთაგონებად რჩება ყველასთვის, ვინც სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის და ხალხისადმი ანგარიშვალდებულიანი მთავრობისთვის იბრძვის," - დაწერა რუსეთში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რებეკა როსმა თავის Twitter-ის გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ რუს მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ხელახლა დაეწყო - "ოფიციალური გამოძიება და შემდგომი სასამართლო მწვავე კრიტიკის საკითხია".

ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

29 თებერვალს, ბორის ნემცოვის მკვლელობის ხუთი წლისთავზე მისი მხარდამჭერები მოსკოვში მსვლელობის ჩატარებას გეგმავენ. 

კომენტარები