ლუკა სირაძის საქმე

დღეს მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება, ბრალდებული კლინიკაში იმყოფება

დღეს, 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენებით იძულებით მიღების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი კი, ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. 

"25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. 26 თებერვალს დაგეგმილია მისთვის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის ჩატარება“, – უთხრეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალად 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღება ედება. ოჯახის და საიას შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ძმისთვის "გარკვეული პრობლემების" შექმნით ემუქრებოდა. მას ბრალი ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. სახელმწიფო ინსპექტორმა საქმის შესწავლა დეკემბერში დაიწყო და განაცხადა, რომ "თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი", არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს. 7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით.

"შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით, უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით" - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

კომენტარები