ინდოეთი

ტრამპის ვიზიტის პარალელურად ინდოეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე 7 ადამიანი დაიღუპა

EPA

ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქციები იმართება. დედაქალაქში აშშ-ის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები და მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. დაპირისპირებისას 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 11 სამართალდამცველი.

დელიში აქციებს ნაციონალისტური და კომუნისტური ჯგუფები მართავენ. მათ ერთმანეთს ქვები დაუშინეს.

ნაციონალისტურმა ინდუისტურმა ჯგუფებმა ტრამპის წარმატებისათვის ილოცეს. მასში მემარჯვენე პარტიებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ტრამპთან ერთად რადიკალური ისლამის და ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს.

ინდოეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე კი ჰქონდათ ბანერები წარწერით "ტრამპ, უკან დაბრუნდი". ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ქალაქ გუვაჰატიში, კოლკატაში და ჰაიდარაბადში. მათ მიაჩნიათ, რომ მოდი აშშ-ის ზეწოლას ვერ უმკლავდება და ინდოეთის ინტერესებს არ იცავს.

პარალელურად დელიში იმართებოდა საპროტესტო აქცია მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებმა მაღაზიები და მანქანები დაწვეს. დაკეტილი იყო მეტროს რამდენიმე სადგური. პოლიციამ მის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ახალი კანონი ინდოეთის მოსაზღვრე მუსლიმური ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ინდოეთში არალეგალურად ჩასულ არა-მუსლიმ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ კანონი ამ ქვეყნებიდან რელიგიური ნიშნით დევნას გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფრის მიღებას გაუმარტივებს.

დემონსტრანტების ნაწილს კანონი მუსლიმების დისკრიმინაციად მიაჩნია და ამბობენ, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ სეკულარულ პრინციპებს არღვევს, სასაზღვრო რეგიონებში კი მას მიგრანტთა ნაკადის გაზრდის საშიშროების გამო ეწინააღმდეგებიან.

კანონს დისკრიმინაციული უწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმაც. მთავრობა რელიგიური ნიშნით მიკერძოებულობის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მუსლიმები რელიგიურ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამ კუთხით ინდოეთისაგან დაცვა არ სჭირდებათ.

აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა.

კომენტარები