საქართველო-რუსეთი

უოლკერი: პუტინი საქართველოს არა რიტორიკის, არამედ დასავლეთში ინტეგრაციის დასაბლოკად დაესხა

ევროპეისკაია პრავდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ უოლკერმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ თავისი განცხადება განმარტა.

უოლკერმა ტვიტერზე დაწერა:

"სწორი ვერსია ასეთია: პუტინი საქართველოს თავს რიტორიკის გამო არ დასხმია. მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა. სიმართლეა ის, რომ ის რიტორიკამ განარისხა, მაგრამ რუსულ აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა".

განცხადება, რომლის დაზუსტებაც უოლკერს მოუწია, უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდასთან" გააკეთა.

უოლკერმა თქვა:

"სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა არაერთი რეფორმა, ეფექტური ურთიერთობა ჩამოაყალიბა აშშ-სთან და დასავლეთთან.

თუმცა, პუტინი ძალიან ღიზიანდება ხისტ რიტორიკაზე, რომელსაც სააკაშვილი მისი მისამართით მიმართავდა. მეტიც, არა მხოლოდ გაღიზიანებულად, არამედ აგრესიულადაც. რა თქმა უნდა, რიტორიკა არ ყოფილა ის მიზეზი, რის გამოც პუტინი საქართველოს თავს დაესხა. მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ორიენტაციის დაბლოკვა სურდა. და მართალია, რუსულ აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა, ის დამატებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკამ გაამკაცრა. ამ ყველაფერმა შეუძლებელი გახადა საქართველოსა და რუსეთის ნებისმიერი სახის ურთიერთობა იმ პერიოდში.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განსხვავებული რიტორიკა აირჩია რუსეთთან ურთიერთობისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები გადასცა ან რუსული აგრესია დაივიწყა".

_______________________________________________________________________

2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

კომენტარები