ოკუპირებული ახალგორი

ჰუმანიტარული კრიზისი - ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ახალგორის გახსნას სთხოვს

ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გაიხსნას, რათა ადამიანებს მიმოსვლის საშუალება ჰქონდეთ.

ციხელაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ.

"ის, რომ პროდუქტების დეფიციტია, ის, რომ მედიკამენტების დეფიციტის ფონზე მათი ამოღება ხდება, იმიტომ რომ მათზე ქართული წარწერებია. ეს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა.

იმის ნაცვლად, რომ თანდათან გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის და ამისთვის ყველა ფორმატი არსებობს, ძალისხმევა, მოლაპარაკება, თანათავმჯდომარეების ვიზიტი, ჩვენი შეხვედრების შესაძლებლობა ერგნეთის ფარგლებში, ვხედავთ, რომ მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ამაზე ხმამაღალი მანიფესტი, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებს, ალბათ შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ. მე ვფიქრობ, ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობა. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯი. მოვუწოდებ საოკუპაციო ხელისუფლებას, ეს ნაბიჯი გადადგას, ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე",- ამბობს ციხელაშვილი.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი სექტემბრიდან იანვრის ბოლომდე ჩაკეტილი იყო. პუნქტი 24 იანვარს მხოლოდ პენსიონერებისთვის გაიხსნა და რამდენიმე დღეში, 7 თებერვალს კვლავ ჩაიკეტა.

როგორია ცხოვრება ოკუპირებულ და იზოლირებულ ახალგორში, ნახეთ აქ და აქ.

კომენტარები