დემნა გვასალია

VETEMENTS, სიყვარული, შვეიცარია - დემნა გვასალიას ინტერვიუ ამერიკულ ვოგთან

მას შემდეგ, რაც დემნა გვასალიამ მის მიერვე შექმნილი ბრენდი VETEMENTS დატოვა, მან პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და არ არის გასაკვირი, რომ ინტერვიუერი მოდის მთავარი ჟურნალი - ამერიკული ვოგი აღმოჩნდა.

ამერიკული ვოგის ჟურნალისტთან, ნათან ჰელერთან ინტერვიუში, დემნა გვასალიამ ციურიხში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზებზე, სოციალურ მედიაზე, მისი, როგორც დიზიანერის ცვლილებაზე, Vetements-ის დატოვებაზე, Balenciaga-ში ოტ კუტიურის დაბრუნებასა და სიყვარულზე ისაუბრა.

დემნა გვასალია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში საცხოვრებლად 2017 წელს გადავიდა. მისი თქმით, საცხოვრებლის შეცვლისა და შვეიცარიაზე არჩევნის გაკეთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უსაფრთხოების მოპოვება იყო.

"აქ ნაკლებად განგსჯიან - ასე ცხოვრობენ შვეიცარიელი ადამიანები. შვეციარიაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების მთავარი საკითხი".

როდესაც ქართველი დიზაინერი 10 წლის იყო, საქართველოში აფხაზეთის ომი დაიწყო და ამიტომ, ის, თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჯერ თბილისში, შემდეგ კი დუსელდორფში გადავიდა. ამჟამად 38 წლის დიზაინერის თქმით, მას სურდა ცხოვრებაში სტაბილურობა ჰქონოდა და თან თავისი საქმის მიმართ სიყვარული შეენარჩუნებინა.

"მსურდა, სტაბილურობა და ხარისხიანი ცხოვრება მქონოდა, რაც მანამდე მაკლდა, როდესაც ორ სამსახურს შორის გაჭედილი ვიყავი და თან სადღაც ყოველთვის მოდის კვირეული იყო. არ მინდოდა მოდის მიმართ სიყვარული აღარ მქონოდა, ხო იცით ეს მდგომარეობა, როდესაც "ღმერთო, კიდევ ერთი წინა-საკოლექციო ჩვენება არის გასაკეთებელი". ამიტომ, რატომაც არა ციურიხი, ადგილი, რომელზეც არ იქნება უსამართლო, რომ დასავლეთ ევროპის ყველაზე არამოდური წამყვანი ქალაქი დავუძახოთ, ეს მოდის საწინააღმდეგო ადგილია. ხალხს არ ადარდებს რა გაცვია".

თვეში ერთხელ, დემნა გვასალია ციურიხიდან პარიზში მატარებლით მიდის, სადაც ერთ კვირას ატარებს - ესწრება შეხვედრებს, განიხილავს თავის კოლექციებს და ნახულობს მეგობრებს, რომლებსაც ციურიხში ყოფნისას ვირტუალურად არ ეკონტაქტება.

"სოციალურ მედიასთან ერთად, როდესაც ადამიანებს ხვდები, მათზე ყოველთვის ყველაფერი იცი: რა გადახდენიათ ცხოვრებაში, სად ერთობიან. ცოტათი კარგია, როდესაც სულ სოციალურ მედიაში არ ხარ და გრჩება მათთან რაღაცები სალაპარაკოდ".

ნათან ჰელერის კითხვას, შეიცვალა თუ არა ის შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ, დემნა გვასალიამ უპასუხა:

"მე თავიდან ავირიდე ის დაუცველობის გრძნობები, რომლებიც მქონდა. უბრალოდ მოსმენა დავიწყე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ასეთი ეგოისტი, მჭირდებოდა მემუშავა სხვებისთვისაც - ჩემი ბრენდისთვის, ჩემი გუნდისთვის. თუმცა, შესაძლოა ვბერდები და ამიტომ ვხვდები, რომ აუცილებელია საკუთარ თავს დავუკავშირდე და ასე უკეთესი დიზაინერი ვიქნები. ახლა განსხვავებული დიზაინერი ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი - აღარ ვდგავარ სამყაროს ბნელ მხარეში".

2014 წელს, დემნა გვასალიამ თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად მოდის სახლი Vetements დაარსა. ბრენდმა პირველივე კოლექციის გამოშვების შემდეგ საერთაშორისო აღიარება მოპოვა და ყოველი შემდეგი ჩვენება წამყვანი მოდის გამოცემების მიერ მთავარი განხილვის საგანი ხდებოდა.

2019 წელის სექტემბერში, მოულოდენლად, დემნა გვასალიამ მიზეზის დასახელების გარეშე Vetements დატოვა და ის სრულად თავის ძმას გადააბარა.

"როდესაც Vetements დავიწყე გაბრაზებული ვიყავი და მსურდა, საკუთარი თავი გამომეხატა. მე მას Vetements დავარქვი - საკუთარი სახელი არ მიწოდებია, იმიტომ რომ ამ ბრენდს ვხედავდი კარიერაში ჩემი საწყისი ეტაპის პროექტად. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამ ბრუტალურ და დაუნდობელ ინდუსტრიაში ისეთ რამეს გავაკეთებდი, რაც ასეთ რეაქციას გამოიწვევდა - ამის გააზრების შემთხვევაში, ამას უფრო ადრე გავაკეთებდი. თუმცა, ბრენდი დავაარსე მაშინ, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ახალგაზრდების ბრაზი კვლავ რელევანტური გახდა. ბრენდის არქივი და დნმ ფართოა და იდეებით სავსე და ასევე, არსებობს პროდუქტები, რომლებიც აღარ მინდა ჩემთან ასოცირდებოდნენ. კარიერის დაწყებიდან დღემდე შევიცვალე და საკუთრივ მოდაც შეიცვალა. Vetements-ს შეუძლია გააგრძელოს საკუთარი ისტორია ჩემ გარეშე".

Vetements-ის დაარსებიდან ერთ წელიწადში, 2015 წელს, დემნა გვასალია ესპანური მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ცოტა ხნის წინ, კი, ცნობილი გახდა, რომ 52 წლის შემდეგ ბალენსიაგა კვლავ დაიწყებდა ოტ კუტიურის ტანსაცმლის შექმნას და ამ იდეის ავტორი ქართველი დიზაინერი აღმოჩნდა.

"ამ თემაზე ამ მოდის სახლში მოხვედრის დღიდან ვფიქრობდი, თუმცა აქამდე არასდროს მიგრძვნია, რომ ამისთვის მზად ვიყავი. ჩემთვის, ოტ კუტიური მთლიანად ტრენდებზე არის დამოკიდებული - ეს არის მშვენიერების გამოხატულება ყველაზე მაღალ ესთეტიურ ფორმებში. მე ვნახულობდი და კვლავ ვნახულობდი კრისტობალ ბალენსიაგას ჩანახატებს და ვცდილობდი მეგრძნო სილამაზე, ფორმებისა და ადამიანის სხეულის არქიტექტურა. ეს არ იქნება მისი ნაშრომებისთვის პატივის მიგება ან გადაკეთება, ეს იქნება თანამედროვე ინტერპრეტაცია. უფრო მეტადაც კი გავერთობი".

უეცრად მოპოვებული პოპულარობის კვალდაკვალ, დემნა გვასალიამ პარიზში სიყვარულიც იპოვა - 2017 წელს ის ფრანგ მუსიკოსსა და კომპოზიტორზე ლოიკ გომესზე დაქორწინდა და მასთან ერთად შვეიცარიაში საცხოვრებლად გადავიდა.

"როდესაც ლოიკს შევხვდი, ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა. ჩემს თავთან უფრო მეტად დაკავშირება დავიწყე, რომ ნამდვილად მომესმინა მისთვის და მეგრძნო საკუთარი თავი. მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ნარატივი ჩემს სამუშაოებში - მქონდა ისტორია და მქონდა რაღაცები გამოსახატად".

ინტერვიუს მიწურულს ქართველმა დიზაინერმა ის მომენტები გაიხსენა, როდესაც წარსულში თავს კარგად არ გრძნობდა და თქვა, რომ ახლა სრულიად სხვანაირად - ნათელ მხარეს არის.

"ადრე ვფიქრობდი, რომ ის მომენტები, როდესაც დეპრესიაში ვიყავი და ჩემი ცხოვრება ბრუტალურად მექცეოდა, იყო ყველაზე კრეატიული მომენტები. თუმცა, ახლა ასე აღარ ვთვლი, იმიტომ რომ სხვა მხარე აღმოვაჩინე, ნათელი მხარე, როდესაც შესაძლებელია საკუთარ თავთან კარგად გრძნობდე თავს და 10-ჯერ უფრო მეტად პროდუქტიული იყო. ვფიქრობ, შეყვარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ამ აქტმა გამააზრებინა, როგორი მნიშვნელოვანია გიყვარდეს საკუთარი თავი".

კომენტარები