საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარადგინა

მთავარი პროკურატურა

საპროკურორო საბჭომ პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარადგინა.

შოთაძეს მხარი საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა. სოფიო შენგელიამ 1 ხმა მიიღო.

კენჭისყრას ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე არ დასწრებია.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შემდეგ იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა - საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანო კი კანდიდატურას უმრავლესობით დაამტკიცებს.

მმართველი გუნდი გეგმავს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს. ეს დღეს მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, "ოცნება" შოთაძეს იცნობს, როგორც "კარგ ადამიანს და კარგ პროკურორს".

ოპოზიცია კი ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას "საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას" უწოდებს. მათივე შეფასებით, შოთაძე ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთებს შეასრულებს და ამ თანამდებობაზე სწორედ ამიტომ აბრუნებს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას შოთაძემ ისიც დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის სასახლეში მის ვანო ჩხარტიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთან მის შეხვედრას დაესწრო. ხაზარაძემ თქვა, რომ ივანიშვილი მას სთხოვდა, ჩხარტიშვილისთვის ფული გადაეხადა. თავად შოთაძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ხმა არ ამოუღია, თუმცა, ოპოზიცია ამ ფაქტს აფასებს, როგორც ივანიშვილის მუქარად ხაზარაძის მიმართ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები