ქართული ოცნების ვიზიტი აშშ-ში

ჩუგოშვილი: საკმაოდ კრიტიკული შეხვედრები ოცნების წევრებს შეუფასებიათ, როგორც "კარგი"

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იმედს იტოვებს, რომ ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაცია აშშ-ის გზავნილს მაინც სწორად გადმოცემს. 

ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში საუბრის დროს თქვა, რომ ის ყოფილა ისეთი შემთხვევების მომსწრე, როდესაც მის ყოფილ თანაგუნდელებს საკმაოდ კრიტიკული შეხვედრები შეუფასებიათ, როგორც "კარგი შეხვედრა". 

"ვითომ არაფერი მომხდარა იქ და ა.შ. იმედია, ეს მაინც არ მოხდება და იმედია, როგორც მინიმუმ, გზავნილი მაინც სწორად იქნება გადმოცემული იმიტომ, რომ ზოგჯერ ამის პრობლემაც არის ხოლმე,"- ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

დეპუტატის თქმით, აშშ-ში ჩასვლა და საუბარი კარგია, თუმცა მთავარია, რა აქვს სათქმელი მმართელ გუნდს. 

"ჰაერიდან ხომ არ წამოსულა [კრიტიკა აშშ-დან] და მართლა ლობისტების გაკეთებული ხომ არ არის? ეს ყველაფერი გამოიწვია 14 ნოემბრის მოვლენებმა, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოტყუებულად იგრძნეს თავი და მთელმა რიგმა ნეგატიურმა პროცესებმა, რომელიც 14 ნოემბრიდან მოყოლებული განვითარდა," - ამბობს ჩუგოშვილი. 

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ამ ვიზიტს შანსი ქართული ოცნებისთვის, დეპუტატი პასუხობს, რომ გააჩნია რის სათქმელად არის დელეგაცია აშშ-ში ჩასული. მისი შეფასებით, თუკი ქართული ოცნების ლიდერები იქ იმის სათქმელად ჩავიდნენ, რომ გამოასწორებენ არსებულ ვითარებას და სამართლიანი სისტემით ჩაატარებენ არჩევნებს, მაშინ, რა თქმა უნდა, შანსი ექნებათ.

თუმცა, მისივე თქმით, თუკი ქართული ოცნების დელეგაცია მართლა იმის სათქმელადაა ჩასული, რასაც საჯაროდ ამბობენ, რომ "თვალი უნდა აუხილონ" და "სიმართლე დაანახონ" სტრატეგიულ პარტნიორებს, მაშინ, დეპუტატის შეფასებით, ეს "განწირული ქმედებებია". 

"დაბნეულობისგან და ინფორმაციული დანაკლისისგან ეს განცხადებები არავის გაუკეთებია. ეს განცხადებები გაკეთდა იმის შედეგად, რა პროცესებიც განვითარდა ქვეყანაში,"- ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

დეპუტატმა ჩუგოშვილმა ქართული ოცნების გუნდი 14 ნოემბერს დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო დატოვა. ჩუგოშვილი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამბობდა, რომ ის ვერ შეძლებდა სტრატეგიული პარტნიორებისთვის აეხსნა, რატომ მოატყუა მათ ქართულმა ოცნებამ. 

დეპუტატების წასვლა ერთადერთი დანაკლისი არ იყო, რაც მმართველმა გუნდმა დაპირების არშესრულების შედეგად მიიღო. 14 ნოემბრიდან დღემდე ქართულმა ოცნებამ კრიტიკული წერილები და განცხადებები არაერთი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებისგან მიიღო. 

სწორედ ამ კრიტიკული განცხადებებისა და წერილების ფონზე, ქართულმა ოცნებამ აშშ-ში ვიზიტი დაგეგმა, რომლის მიზანიც, მათივე განცხადებებით, "ობიექტური ინფორმაციის" მიწოდებაა. 

კომენტარები