კორონავირუსი

ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის

unian

ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრი კოორდინაციაშია წევრ სახელმწიფოებთან და ჩინეთს დამცავ აღჭურვილობას მალე გაუგზავნიან. 

ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენს ჩინეთის პრემიერმინისტრთან, ლი კეფიანგთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ლეიენი მას მხარდაჭერას და დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ რათა კორონოავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 25 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 300მდე და დაინფიცირდა 14 000- მდე ადამიანი. 

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

კომენტარები