აშშ-თურქეთი

ტრამპმა და ერდოღანმა ლიბიასა და სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
GETTY IMAGES

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიასა და სირიაში მიმდინარე სიტუაცია სატელეფონო საუბარში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის სპიკერი ავრცელებს.

"ორმა ლიდერმა განიხილა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნების და გარეშე ძალების ჩარევის აღკვეთის მნიშვნელობა. ისინი თანხმდებიან, რომ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ძალადობა უნდა შეწყდეს." წერს ის საკუთარ ტვიტერზე.

სირიის იდლიბის პროვინციაში, რომელიც ამბოხებულების და ასადის ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიაა, ბაშარ ალ-ასადის ძალები რუსეთის მხარდაჭერით თავდასხმებს ახორციელებენ. საჰაერო თავდასხმები არღვევს რუსეთსა და თურქეთს შორის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ერდოღანი ამბობს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმების გამო იდლიბიდან მიგრანტთა ტალღა დაიძრა, რომელსაც თურქეთი მარტო ვერ გაუმკლავდება და ახალ ნაკადს ევროპული ქვეყნებიც იგრძნობენ.

რაც შეეხება ლიბიას, ხალიფა ჰაფთარის მოკავშირე ძალები და ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობა დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ მოწინააღმდეგე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მანამდე მათ ცეცხლის შეწყვეტისაკენ სტამბოლში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდეს.

თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს, თუმცა პუტინი უარყოფს, რომ ქვეყანაში რუსი დაქირავებული სამხედროები იმყოფებიან. ერდოღანი კი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება.

თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალების გაგზავნა დაიწყო.

ხალიფა ჰაფთარმა და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის წევრებმა მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები