თალაკვაძე: თუ შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ მხარს დავუჭერთ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობის მხრიდან მას ექნება მხარდაჭერა.

თალაკვაძის შეფასებით, როდესაც ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა, პროკურატურამ არაერთი საქმე ეფექტურად გამოიძია და როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, თავად შოთაძე უწყების "ძალიან ეფექტური" ხელმძღვანელი იყო.

"თუ ეს კანდიდატი იქნება ირაკლი შოთაძე, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით შეფასება, ესაა ადამიანი, რომლის მთავარი პროკურორობის დროსაც პროკურატურამ არაერთი საქმე გამოიძია ეფექტურად...

ვფიქრობ ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი ამ უწყების და შემდეგაც, როდესაც ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულებს, გარდაცვლილთა მშობლებს და საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება დატოვა თანამდებობა და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარია მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ექნება მას მხარდაჭერა", - ამბობს თალაკვაძე.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები