კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, გამოვლენილია დაავადების 3,000 შემთხვევა

AFP

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ვირუსის გამო ახალი წლის დღესასწაულზე დასვენების დღეები 3 დღით გაახანგრძლივეს.

ქალაქ ვუხანს, სადაც პირველად ვირუსი დაფიქსირდა, ჩინეთის პრემიერმინისტრი ეწვია. ვუხანში სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია. შეზღუდვებია დაწესებული კიდევ რამდენიმე ქალაქში.

ვირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ჩინეთში სულ დაავადების 2,744 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 300 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ.

დაავადების 42 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-სა და ავსტრალიაში, 4 სინგაპურში, ტაივანსა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთსა და იაპონიაში, 2 სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში, 1 ნეპალში და კანადაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს.

საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ.

მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

კომენტარები