NATO

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საჭიროა NATO-ს გაფართოება, საქართველო წევრი უნდა გახდეს

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე NATO-ს გაფართოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უნდა მიიღონ:

"არ მესმის რატომ არ მივიწვეით საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის, რათა გახდეს ორგანიზაციის წევრი."

ჩავუშოღლუმ დასავლელი პარტნიორებიც გააკრიტიკა:

"ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისათვის, რომ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით უკეთესი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს ორგანიზაციაში მიწვევაზე იმიტომ, რომ რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ, საქართველოს ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე. ამიტომ, გაფართოება გვჭირდება და საქართველო წევრი უნდა გახდეს." თქვა მან.

ჩავუშოღლუმ დაიცვა თურქეთის გადაწყვეტილება რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის თაობაზე მიუხედავად NATO-ს წევრების კრიტიკისა, რომ ის ალიანსის სტანდარტების შესაბამისი არ არის.

"გვიმტკიცებენ, რომ S-400 და F-35 შეუსაბამოა. ჩვენი შემოთავაზება ასეთია: შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომლის თავმჯდომარეც NATO იქნება და ექსპერტებმა გადაწყვიტონ და შეაფასონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს NATO-ს სისტემას და მოკავშირეებს საფრთხეს არ უქმნის." თქვა მან.

გასული წლის ზაფხულში რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას. შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

მიუხედავად სანქციებისა თურქეთი მუშაობს რუსული სარაკეტო სისტემის ახალ კონტრაქტზე.

კომენტარები