რუსეთ-საქართველოს ფრენები

აბაშიძე ფრენების აღდგენაზე: გარკვეული მოლოდინები არის, მაგრამ ეს რუსეთისგან უნდა მოვისმინოთ

"ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას," - საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს. აბაშიძე ამბობს, რომ გარკვეული მოლოდინები არის, "მაგრამ ეს ჩვენ რუსეთის მხრიდან უნდა მოვისმინოთ, რა თქმა უნდა."

"წინა შეხვედრაზე ნოემბერში, ასეთი კომენტარი მოვისმინე, რომ მოსკოვში მუშაობენ ამაზე, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლიათ. ეს რუსეთის მხარემ შეაჩერა გასულ წელს, ჩვენი აზრით ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება შემდეგ გაკეთდა კომენტარები იმის თაობაზე, რომ ფიქრობენ, მუშაობენ ამ თემაზე. ჩვენ საპასუხოდ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას. სხვათაშორის, როგორც მე ვხედავ, არავინ არაა ამის წინააღმდეგი საქართველოში," - ამბობს აბაშიძე რუსთავი ორთან საუბრისას. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა გასული წლის 7 ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. მისივე თქმით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა. ასევე იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.

კომენტარები