ლონდა თოლორაია

ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულის მიმართ პოლიციაში ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულის განცხადებაზე პოლიციაში მის მიმართ ძალადობის შესახებ, გამოძიება დაიწყო.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვახტანგ რობაქიძემ მათ უკვე მიმართა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

რობაქიძეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს, 20 იანვარს, 16:00 საათზე ელოდებიან.

"დღეს უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მოწოდების მიზნით და მისი გამოკითხვის შემდგომ უფრო ინტენსიურად დაიგეგმება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც საჭირო იქნება მოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ჯერ იგი ჩვენს სამსახურში გამოკითხვაზე არ ყოფილა, მეტ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა გპირდებით, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. იგი იხსენებს მისი დაკავების შემდეგ პოლიციაში გადაყვანას, სადაც, მისი თქმით, მასზე ერთერთმა პოლიციელმა იძალადა. როგორც რობაქიძე განმარტავს, მას პოლიციელმა მუცლის არეში დაარტყა.

ვახტანგ რობაქიძემ, რომელიც "ლელოს" წევრია, 14 იანვარს ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ რობაქიძე "ლელოს" წევრია. მისი თქმით, 2012-17 წლებში რობაქიძე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო. 19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები