კრიმინალი

შსს: ბათუმში თურქეთის სამმა მოქალაქემ ერთს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და $130 000 მოითხოვა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

"გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა", - ამბობენ უწყებაში.

დაკავებულები არიან 1975 წელს დაბადებული დ.ს., 1982 წელს დაბადებული ი.ა. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები