შოთაძის დაბრუნება

უგულავა: შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველა უკანონობის რესტავრაციას

გიგი უგულავა
ტაბულა

"ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი შოთაძის კვლავ შესაძლო მთავარ პროკურორობას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დაბრუნება ნიშნავს, ნიშნავს "ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო."

უგულავას ინფორმაციით, შოთაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას უპირებდნენ, თუმცა რადგან ზაზა თავაძე თავმჯდომარედ დარჩა, შოთაძეს კვლავ გენერალურ პროკურორად აბრუნებენ. 

"შოთაძის პირობებში პროკურატურა თავიდან ბოლომდე ჩაჯდება ბიომასის კასრში, სადაც არაფერი სამართალთან კავშირში არ არის. ისედაც იარაღი იყო, უბრალოდ ახლა გადატენილი იარაღი იქნება, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების. ამ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარიერა, რეპუტაცია, არათუ პროკურორისას, ჩვეულებრივი ოპერ-მუშაკისასაც არ შეესაბამება," - ამბობს უგულავა. 

უგულავა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებაზე და საზოგადოების აბუჩად აგდებაზე მიუთითებს და "ოცნებას" არ უნდა გაუკვირდეს, რომ კვლევების მიხედვით, მხოლოდ 20% აქვს მხარდაჭერა. 

"გახარია პრემიერად დანიშნეთ, შოთაძე მთავარ პროკურორად დააბრუნეთ, მერე გახარიას თუ გაუშვებთ, ბატონი კობზონი პრემიერად და კობახიძე კობახიძის თავმჯდომარედ და ბოლოში თავიდან დაპატიჟეთ გავრილოვი, გაიმეორეთ ეს ყველაფერი თავიდან და მერე აღარ გაგიკვირდეთ ხალხი პანჩურით რომ გაგაგდებთ," - მიმართავს უგულავა ოცნებას. 

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ამ დროისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

კომენტარები