ანაკლიის პროექტი

ჯონათან კაცი ანაკლიაზე: განსაკუთრებით პრობლემურია, თუ გადაწვეტილება მიიღეს კრემლის ზეწოლით

კონათან კაცი
VOA

გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი, ჯონათან კაცი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოს პარტნიორებისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება კრემლის ზეწოლის საფუძველზე იქნა მიღებული.

ამის შესახებ კაცმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ანაკლია საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკული პროექტია. ეს პრიორიტეტული პროექტია თბილისის პარტნიორებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ პირდაპირი ინვესტიციების და ვაჭრობის გაზრდას საქართველოსთან. განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ ანაკლიის გარშემო გადაწვეტილება მიღებული იქნა კრემლის ზეწოლის საფუძველზე ან შიდა პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, რადგან საქართველო საჭიროებს ეკონომიკური მედგრობის გამტკიცებას", - ამბობს ჯონათან კაცი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველოს აქვს შესაშური პოზიცია, იქცეს კონტინენტზე ვაჭრობის ფასილიტატორად". მკვლევარის აზრით, ქვეყანა უნდა ეცადოს თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ქმედებები, რამაც შესაძლოა ინვესტორთა ინტერესი გაანელოს და ძალაუფლების გადამეტების შესახებ შეშფოთება გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, მისი მოსაზრებით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. მათ შორის იქნება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები