ლიბია

რუსეთში ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

ხალიფა ჰაფთარი და სერგეი ლავროვი
Reuters

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები, გენერალი ხალიფა ჰაფთარი და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის წევრები მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებები 8 საათს გრძელდებოდა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ უძღვებოდნენ. მათ მოუწოდეს მხარეებს ხელი მოეწერათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისათვის, რასაც მხოლოდ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წარმომადგენლები დათანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. მევლუთ ჩავუშოღლუმ კი აღნიშნა, რომ ხალიფა ჰაფთარმა გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღეს დილამდე ითხოვა. პარალელურად კი მისმა მოკავშირე ძალებმა გააკეთეს განცხადებები საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

გასულ კვირას ხალიფა ჰაფთარის მოკავშირე ძალები და ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობა დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ მოწინააღმდეგე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მანამდე მათ ცეცხლის შეწყვეტისაკენ სტამბოლში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდეს.

თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს, თუმცა პუტინი უარყოფს, რომ ქვეყანაში რუსი დაქირავებული სამხედროები იმყოფებიან. ერდოღანი კი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება.

თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალების გაგზავნა დაიწყო.

გასულ კვირას ლიბიის მთავრობის მოკავშირეებმა სიდრის ყურეში მდებარე ქალაქი სირთი დატოვეს მას შემდეგ, რაც ქალაქში ხალიფა ჰაფთარის ძალები შევიდნენ და კონტროლი აიღეს. მათი თქმით ეს ნაბიჯი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გადადგეს.

ქალაქი ნავთობის საექსპორტო ტერმინალებთან ახლოს მდებარეობს, რომლებსაც ასევე ჰაფთარის ძალები აკონტროლებენ. ლიბიის მთავრობის მოკავშირეებმა ქალაქი 2016 წელს აშშ-ის საჰაერო დარტყმების დახმარებით ისლამური სახელმწიფოსაგან გაათავისუფლეს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქი ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

კომენტარები