გიორგი მამალაძის საქმე

გვარამია: მამალაძემ შიმშილობა დაიწყო, ეს კაცი ივანიშვილის და საპატრიარქოს სიკვდილმისჯილია

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთერთი ადვოკატიცაა, გლდანის ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზს შეხვდა. მისი თქმით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო.

"ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, @@@ქალა პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს" - წერს გვარამია Facebook-ზე.

პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, "რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები