ევროპის უსაფრთხოება

რუმინულმა F-16-მა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი

24 ივლისს რუმინულმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც NATO-ს წევრი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პირველი მსგავსი ნაბიჯია.

რუმინეთის არმიის შტაბის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ საიდან მოხდა დრონის გაშვება, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს.

გენერალი ჯორჯიცა ვლადის თქმით, ჩამოგდებული დრონი ჰგავდა შაჰედს – ირანული დიზაინის დრონს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

"ვიზუალურად, პილოტებმა თქვეს, რომ დრონი შაჰედის ტიპს ჰგავდა." – აღნიშნა მან და დაამატა, რომ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია.

მანამდე გამოცემა Reuters-ს არმიიდან წყაროებმა აცნობეს, რომ დრონის წარმომავლობის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, "მსოფლიოს ამ ნაწილში თავდამსხმელი რუსეთია."

პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ ერ ლაიენმა რუმინეთი დრონის ჩამოგდებისთვის შეაქო და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე საზღვრის გაძლიერება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.

"ევროპული საჰაერო სივრცე დრონის შეჭრით კიდევ ერთხელ დაირღვა. რუმინეთის არმია შესაქებია მათი სწრაფი და ეფექტური პასუხისთვის, რითაც ჩვენი საერთო უსაფრთხოება დაიცვეს. თავდაცვისა და აღმოსავლეთ საზღვარზე შეკავების გაძლიერება მთავარ პრიორიტეტად რჩება." – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები