ახალი წელი 2020

პასტორი ვარლამ რამიშვილი: ძველისა და ახლის შესახებ

"მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს"- ამ ლოცვის სიტყვებით მიმართავს ნეტარი ავგუსტინე ღმერთს თავისი სახელგანთქმული "აღსარებანის" პირველ წიგნში. ეკლესიის მამა სიძველესა და სიახლეს უკავშირებს ტრანსცედენტულ ღვთაებას და მასში წარმოაჩენს მათ.

როგორ შეიძლება ღმერთი ერთდროულად იყოს ძველიც და ახალიც; თანაც მუდამჟამს? დროისა და სივრცის მიღმა მყოფი უფალი, თავისი იდუმალი ძალით აერთიანებს თავისში სიძველესა და სიახლეს. გვნებავს სიძველის გააზრება? ღმერთში შეიძლება მივაკითხოთ მას! გვაინტერესებს, რა არის სიახლე? ასევე ღმერთში ვიპოვით მას. ერთი სიტყვით, შეიმეცნო ქრისტიანების ღმერთი ნიშნავს, ეზიარო ერთდროულად სიძველესაც და სიახლესაც.

და მაინც, რას ნიშნავს ღვთის სიძველე და ღვთის სიახლე? ის ძველი ღვთაებაა, ჩვენი მამების ღმერთია. ის ქვეყნიერების შექმნამდე ღმერთია. ის დროის მიღმა ღმერთია. სიძველე და სიახლე, ხომ, დროის კატეგორიებია. დრო და სივრცე კი მისი ნახელავია: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". (შესაქმე 1,1). ამ აზრით, სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი თეოლოგი რობერტ ჩარლზ სპროული, ონტოლოგიურად არასწორი მტკიცებაა - “ღმერთი არსებობს”. ის რაც არსებობს, წარმოიშობა რაღაცისგან. მაგრამ არის წმინდა და განუყოფელი ყოფიერება, რომელიც არაფერზე არ არის დამოკიდებული და ის მარადიულია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს ყოფიერება არანაირად არ განეკუთვნება ქმნილებას. ქმნილება ხასიათდება არა ყოფიერებით, არამედ ჩამოყალიბებით. ცვლილება - აი რა არის ქმნილების მთავარი ნიშან-თვისება. ხვალ ჩვენ ვიქნებით უკვე სხვანაირები, ვიდრე ვართ დღეს. არა! ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არის! ყველაფერი არსებული (მათ შორის ჩვენც) კი არსებობს ღვთის მიზეზით. მიუხედავად მისი სიძველისა, ის ახალი ღვთაებაცაა. ის არა მარტო მამების ღმერთია, არამედ ჩვენ ღმერთიცაა. ის არის ჩვენი შვილების ღმერთი. მასში არის მუდმივად განახლებადი სიცოცხლე. უფრო ზუსტად კი, ის თავად არის უწყვეტი სიცოცხლე “მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა”. (იოანე 1, 4).

ნეტარი ავგუსტინე თავის ლოცვაში არა მარტო აღიარებს ღვთის ერთდროულ სიახლესა და სიძველეს, ის აგრეთვე მიაწერს ღმერთს თვისებას - განაახლოს და დააბეროს. თუმცა ასახელებს ერთ კონკრეტულ მანკიერებას, რომლის მქონეთაც უწერიათ დაბერება (სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა). ეს მზვაობაა. წმინდა წერილი იმავეს აცხადებს: "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს". (იაკობი 4, 6).

და მაინც, სიტყვა "ახალი" სხვადასხვა წარმოდგენებს აჩენს ჩვენში. ერთი მხრივ, ეკლესიატეს თანახმად, სინამდვილეში არაფერია ახალი “რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.” (ეკლესიასტე 1,9.10). მეორე მხრივ, არასდროს მომხდარა ადრე ქალწულში უბიწო ჩასახვა, ღვთის ადამიანად გახდომა, ჯვარზე ცოდვათა გამოსასყიდის გადახდა და აღდგომა. ახალი აღთქმის თანახმად, მარად ახალი და მარად ძველი ღმერთი ახალი გზით ქმნის ახალ ადამიანს, დებს მასთან ახალ აღთქმას, აძლევს მას ახალ მცნებას და ამზადებს მას ახალი ცისა და მიწისთვის, ახალი რეალობისთვის.

ქრისტე წარსულიდან გვეუბნება დღეს - მოგვმართავს რა სიტყვებით: “მე, ღირსი გამართლებისა და სიმართლისა, წავედი ჯვარზე და გავხდი მსჯავრდებული იმისათვის, რომ შენ ღირსი მსჯავრდებისა, იყო სრულიად მიტევებული და გამართლებული ჩემდამი რწმენით.

მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე თავის საშობაო მინიატურაში უკავშირებს ძველს და ახალს საშობაო ისტორიის გახსენებით:

"იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს..."

რა ხდება დღეს ჩვენთან? ქრისტე ხომ იშვა უკვე - ასკვნის მწერალი. თითქოსდა სევდანარევი დაპირისპირებაა წარსულისა და აწმყოსი. ამ სიტყვების დაწერიდან 109 წელი გავიდა (მწერალმა 1910 წელს დაწერა ზემორე მინიატურა), არადა ისინი დღესაც აქტუალურია. იქ, სადღაც შორს, თითქმის 2020 წლის წინათ წუთისოფელში ღმერთი შემობრძანდა ჯერ არნახული გზით. ის გახდა უმწეო ბავში. ბავშვის არავის ეშინია. ღმერთს შეეძლო მოსულიყო, როგორც ძლევამოსილი, ელვითა და ქუხილით, ისე, რომ ყველა აკანკალდებოდა. მაგრამ არა! ის გამოჩნდა ჩვენ თვალწინ, როგორც ჩვილი, იმისთვის, რომ მისადმი გაბედულება და სიყვარული გვქონოდა. გაჩნდა იმედი, ნუგეში და სიკვდილი დაითრგუნა. აქ კი, დღეს უკვე დადგა მომავალი ჟამი, მაგრამ ჯერ კიდევ არა...

წმიდა სამების ეკლესია

პასტორი ვარლამ რამიშვილი

29 დეკემბერი 2019 წელი

კომენტარები