საგადასახადო დავალიანება

თალაკვაძე 3 ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე: პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს TV პირველის, რუსთავი 2-ის და TV კავკასიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადების საკითხი. მისი თქმით, ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ორმაგი სტანდარტია, როდესაც კერძო კომპანიების ერთ ნაწილს სახელმწიფო ექცევა სხვანაირად და მეორე ნაწილს სხვანაირად და ამიტომ "პირველი მთავარი პირობა უნდა იყოს ის რომ კანონი უნდა იყოს აღსრულებული ყველასთან მიმართებაში თანაბრად და სამართლიანად"

"თითოეულ, ცალკეულ ტელევიზიებზე და მათთან დაკავშირებულ დავალიანებაზე ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ამას სჭირდება მეტი ინფორმაცია, რაც აქვს ფინანსთა სამინისტროს. ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არანაირად არ უნდა გადავიდეს, ვინაიდან ეს არის საგადასახადო ორგანოსა და მედია კომპანიას შორის არსებული საკითხი"- ამბობს თალაკვაძე. 

ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

"ჯერ მითხრან, როდის იხდის იმედი იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. მითხრან, რამდენი აქვს რუსთავი 2-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის მაესტრო 8 მილიონს" - ამბობს ჯანგირაშვილი და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს "არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან" უჩივლებს, სადაც შესაძლებელი იქნება.

ძველი დავალიანებები, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი საუბრობს, "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

კომენტარები