ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე უმრავლესობის დატოვებაზე: პატივს ვცემ მათ ნებას, რჩებიან ჩემს მეგობრებად

ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს, ამბობს, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე ნაწყენი არ არის და მათ მეგობრად რჩება. მისი თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ის რჩება მათ თანამოაზრედ, თავად კი "ცხოვრებას გააგრძელებს". 

"ესენი [ქართული ოცნების წევრები] რჩებიან ჩემს მეგობრებად. ყოველთვის. არასდროს მე არ ვიკადრებ იმას, რასაც პარტიიდან ზოგიერთი წასული კადრულობს მათ წინააღმდეგ. მე ვამბობ, რომ როგორც ჩანს ამ ეტაპზე, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო. მე არავის ვადანაშაულებ, არავითარ შემთხვევაში. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი საქციელი აზიანებს გუნდს, ეს არის მათი ნება, მე პატივს ვცემ მათ ნებას და ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას"- ამბობს კუხიანიძე. 

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. გუშინ აქტივისტებმა მის კაბინეტში კარავი მიიტანეს და გაშალეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ ძალით გამოიყვანა საკრებულოდან, რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც.

კომენტარები