საინვესტიციო ბანკმა, Galt & Taggart-მა, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6,9%-ით შემცირდა.
ლარის გაუფასურების, ახალი საბანკო და სამშენებლო რეგულაციებისა და გაუარესებული მოლოდინების ფონზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბინებისა და სახლების გაყიდვები თბილისში შემცირდა", — ნათქვამია კვლევაში.
ბანკის ინფორმაციით, მესამე კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6,9%-ით, ხოლო გაყიდვების მოცულობა - 8,7%-ით არის შემცირებული. კვარტლების მიხედვით უძრავი ქონების გაყიდვების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- 2019 წლის I კვარტალი — 1.6% - კლება;
- 2019 წლის II კვარტალი — 1.3% - მატება;
- 2019 წლის III კვარტალი — 6.9%- კლება.
შემცირებულია გაყიდული ბინების რაოდენობა წლის პირველ ცხრა თვეში. თუ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 26 272 შეადგინა, იგივე მაჩვენებელი წელს 25 314-ია. კლება თითქმის 4%-ია.
კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების ნახევარი თბილისის ოთხ უბანზე მოდის. ესენია: გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი. ამ უბნებში გაყიდული ბინები ჯამური რაოდენობის 50%-ია.