გიგა ბოკერიას გამოკითხვა

თალაკვაძე ბოკერიაზე: პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი, როცა ადამიანს უსვამენ კითხვებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიგა ბოკერიას დაბარება დაკითხვაზე 2014 წელს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დევნა არ არის. 

არჩილ თალაკვაძე მიუთითებს, რომ ბოკერია 7-8 წელია ოპოზიციაშია და მისი პარტია "ოპონირების ყველაზე აგრესიულ ფორმებს იყენებს".

"როდესაც არის კითხვები, ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის წევრმაც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად, მე პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი, როცა ადამიანს უსვამენ კითხვებს და მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპში. როცა 7-8 წელია ადამიანი ოპოზიციაშია და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია ხელისუფლების, ხშირად ირჩევს ოპონირების ყველაზე, შეიძლება ითქვას, აგრესიულ ფორმებს მისი პარტია 7-8 წლის განმავლობაში, დევნაზე ვერ ვისაუბრებთ. რეალურად, თუ პოლიტიკური დევნა იყო და თუ ვინმეს სურდა მისი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა, 8 წელი და 7 წელი არ დასჭირდებოდა", - ამბობს თალაკვაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიგა ბოკერია პარლამენტის წევრია და შესაბამისად, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხით. თალაკვაძის თქმით, გამოძიება "სერიოზულ საკითხებს ეხება".

"პარლამენტი მაქსიმალურად ყურადღებას მიაქცევს მასთან [გიგა ბოკერიასთან] დაკავშირებულ გამოძიებას", - თქვა თალაკვაძემ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოკითხვაზე დღეს, 16 დეკემბერსაა დაბარებული. თუმცა ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

გამოძიება, რომელიც 2014 წელს დაიწყო, უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას" ეხება. ბოკერია მოწმის სახით პირველად სოწრედ მაშინ დაიკითხა, მეორედ კი ახლა, 2019 წელს დაიბარეს. საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები