არჩევნები დიდ ბრიტანეთში

ჯონსონი: კონსერვატიულ მთავრობას ძლიერი ახალი მანდატი მიენიჭა ბრექსითის შესასრულებლად

ბორის ჯონსონი
AFP

დიდი ბრიტანეთში ჩატარებულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრექსითის შეთანხმებას პარლამენტში მომავალ კვირას გაიტანს და ამგვარად წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

ჯონსონმა საკუთარ ოლქში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა:

"ამ კონსერვატიულ მთავრობას ძლიერი ახალი მანდატი მიენიჭა ბრექსითის შესასრულებლად და არა მხოლოდ ბრექსითის შესასრულებლად, არამედ ქვეყნის გასაერთიანებლად და წინ წასაყვანად."

650-დან 642 ოლქის შედეგები უკვე დათვლილია. კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 358 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 32 ადგილით მეტი.

არასახარბიელო შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა. ჯერემი კორბინის პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. მარცხის შემდეგ კორბინმა თქვა, რომ შემდეგ არჩევნებზე ლეიბორისტულ პარტიას აღარ უხელმძღვანელებს.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ჯამში 48 წევრს შეიყვანს პარლამენტში, რაც წინა ჯერთან შედარებით 13-ით მეტია. ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ დემოკრატებისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ორპარტიული ჰეგემონიის გარღვევის ნაცვლად, მათ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ 11 წარმომადგენელი შეჰყავთ.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმებოდა, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენდა. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა. ჯონსონის კამპანიის სლოგანი იყო "შეასრულე ბრექსითი". მისი მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი კი მიიჩნევდა, რომ ბრექსითის გეგმა რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გაუქმებაც კი მოჰყოლოდა.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები