ე.წ გერმანული მოდელი

ოპოზიციამ პარლამენტში ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი დაარეგისტრირა

ტაბულა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ მათ მიერ შემუშავებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. 

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ფრაქციებმა, ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაარეგისტრირეს. 

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ ამ დოკუმენტზე ქართული ოცნება უარს იტყვის და ან არ ჩაერთვებიან კონსტრუქციულ დიალოგში, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. 

"ეს არის ისეთი ტიპის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ მიიღოს არაპროპორციულად მეტი წარმომადგენლობა პარლამენტში," - ამბობს სერგი კაპანაძე კანონპროექტზე საუბრისას.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც კანონპროექტის ერთერთი ავტორია, ამბობს, რომ კანონპროექტის დარეგისტრირებით ოპოზიციური პარტიები მცდელობას აგრძელებენ და, ამავდროულად, აძლიერებენ არგუმენტაციას. 

ის, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა სურს, უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ახალი არ არის, თუმცა, იმისათვის, რომ მას მოუნდეს შეცვლა, მეტი არგუმენტაციაა საჭირო. 

"მცდელობა თუ არ გაგრძელდა, ავწიოთ ხელები და წავიდეთ ამ ქვეყნიდან, რაც ხელისუფლებას გაუხარდება და იაფ ბილეთსაც გვიყიდის, როგორც გვითხრეს. ამას არ ვაპირებთ,"- ამბობს უსუფაშვილი. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები