პარლამენტის პიკეტირება

კრიმინალურმა პოლიციამ ალყაში მოაქცია მანქანა, რომელშიც, მათი ვარაუდით, შეშა ეწყო

ტაბულა

ჩიტაძის ქუჩაზე კრიმინალურმა პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა, რათა ევროპული საქართველოს წევრებისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე შეშის მიტანის საშუალება არ მიეცა.

სამართალდამცველებმა მანქანას, რომელშიც დეპუტატი აკაკი ბობოხიძე იჯდა, ალყა შემოარტყეს, ვინაიდან ეჭვი ჰქონდათ, რომ აქ შეშა ეწყო.

თუმცა, ბობიხიძეს მანქანაში 1 კასრი ედო. პოლიციამ ბობოხიძეს კასრი ჩამოართვა დ მანქანას ჯაჭვი და ალყა მხოლოდ ამის შემდეგ მოხსნა.

მას შემდეგ, რაც პიკეტირება დაიწყო, პოლიცია ევროპული საქართველოს წევრებს და აქტივისტებს შეშას და კასრებს ართმევს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბოკერიას და მისი თანმხლები პირების მანქანები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. პოლიციამ მათ შეშა და კასრები ჩამოართვა, რომელიც პარლამენტთან პიკეტირების დროს ცეცხლის დასანთებად არის საჭირო.

ბოკერია დაინტერესდა, რა უფლებით ართმევდნენ პოლიციელები მას შეშას და კასრებს.

პოლიციელების თქმით, ეს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

შეშა ჩამოართვეს აქტივისტების სხვა ჯგუფსაც რუსთაველის გამზირზე.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე შეშა და კასრები ჩამოართვეს ელენე ხოშტარიასაც, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან.

სახალხო დამცველმა თქვა, რომ ვინაიდან "არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას".

აქტივისტები პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ, დილით კი შეეცდებიან, პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინონ და ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებმაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდეს, მუშაობის საშუალება არ მისცენ.

ღამის გასათენებლად მათ გათბობა, ცეცხლის დანთება სჭირდებათ, თუმცა, პოლიციამ აქტივისტებს შეშა და კასრები ჩამოართვა.

კომენტარები