პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვოლსკი: დეპუტატების ბოიკოტი რომ არა, პროპორციული არჩევნები უკვე კონსტიტუციაში იქნებოდა

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, პროპორციულ სისტემაზე და იმ დეპუტატებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი თქმით "ბოიკოტი" გამოუცხადეს საარჩევნო სისტემის შეცვლას.

"ჩვენ დავდეთ სასწორის პინაზე ორი საკითხი - ერთი იყო ის, რომ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლებოდა, თუკი გავრიცხავდით 20-25 ადამიანს. მეორე იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ჩაატარო არჩევნები იმპერატიული მითითებით. რომ დავფიქრდით, უმრავლესობის დაშლა, შემდეგ ისეთი ადამიანების გარიცხვა, რომლებმაც დასვეს ერთი ძალიან ლოგიკური შეკითხვა: ჩვენ 2019 წლის 24 ივნისს გამოვაცხადეთ, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, რაც ჩვენი ინიციატივით, 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანეთ. კინაღამ 2020 წელიც გავიტანეთ, მათი ბოიკოტი რომ არა, უკვე კონსტიტუციაში იქნებოდა. ის მინდა ვთქვა, რაც არ მითქვამს და რა დევს ამ განცხადების უკან: დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა მთავარ შეკითხვას ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან: კი მაგრამ, ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა? თუ არადა, მიიღებთ ისრაელში რაც ხდება ახლა - პრაქტიკულად, კრიზისია.

მეორე საკითხი არის ის რომ ვთქვათ, ქართული ოცნება გაიწია, ერთმანეთში როგორ დაალაგებენ? ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, შეიკვრებიან, მაგრამ იქ არის პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტები. ისინი რა პროდუქტს შექმნიან?  მით უმეტეს, ქართული ოცნება ხომ არ გაქრება, არსებობს. რა პროდუქტი უნდა შექმნან ისეთი, რომელიც ქვეყანას სტაბილურობას შეუნარჩუნებს",- თქვა გია ვოლსკიმ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 და 19 ნოემბერს აქციები მაინც გაიმართა.

კომენტარები