არჩილ თალაკვაძე

იმის დასადასტურებლად, რომ კომოს ტბაზე არაა, თალაკვაძე კაბინეტიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს

იმის დასტურად, რომ დასასვენებლად არ იმყოფება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მომართვას ავრცელებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ის პარლამენტში, თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფება.

ვიდეოს სახელწოდებაა "არჩილ თალაკვაძე თავისი სამუშაო ოფისიდან ერთვება".

"გუშინ საღამოს, ორმა სატელევიზო არხმა, ფორმულამ და მთავარმა გაავრცელეს უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს მე დასასვენებლად ვიმყოფები ახლა კომოს ტბაზე, იტალიაში. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე", - ამბობს თალაკვაძე.

მან ვიდეო მიმართვაში ასევე ისაუბრა პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნაზე და თქვა, რომ "ქვეყანაში იქნება სიმშვიდე". თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს და მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი: მიწის რეგისტრაციის საკითხი, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და 2020 წლის ბიუჯეტი.

ფორმულას ინფორმაციით, შვიდობიანი აქციის დარბევისა და ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებას ესწრებოდნენ.

ინფორმაცია პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქზე გავრცელდა.

კომენტარები