ერაყი

ერაყში აქციაზე სპეცრაზმმა ორი ადამიანი მოკლა, დაშავებულია 38

skynews

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. სპეცრაზმმა ორი ადამიანი მოკლა, დაშავებულია 38. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის უსაფრთხოების ძალები და საავადმყოფოს წყაროები ავრცელებენ.

ორი ადამიანი უსაფრთხოების ძალების მიერ გასროლილი ცრემლსადენი გაზის ქილის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში ცრემლსადენი გაზის ქილა მომიტინგეებს თავში ესროლეს.

მომიტინგეები ბაღდადის ორ მთავარ ხიდთან, სინაკის და აჰრარის ხიდთან მოკლეს.

38 დაშავებულ რეზინის ტყვია ან ცრემლსადენი გაზის ქილა მოხვდა.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. დაღუპულთა რიცხვმა უკვე 320-ს გადააჭარბა. სპეცრაზმმა რამდენიმე მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ერაყის მთავრობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტის, საარჩევნო რეფორმის გატარების და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები