ვაჟა გაფრინდაშვილი

ფეხბურთის ფედერაცია: გაფრინდაშვილს მხარდაჭერას ვუცხადებთ, ის ბევრ ფეხბურთელს დახმარებია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

"ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში"- წერია ფედერაციის faceboook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ გატაცებული ექიმი უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

კომენტარები