აშშ-მექსიკა

ტრამპი: დროა მექსიკამ, აშშ-ის დახმარებით, ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი აწარმოოს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკაში ამერიკელი მორმონების ოჯახზე თავდასხმას გამოეხმაურა. მან მექსიკას მოუწოდა აწარმოოს ომი ნარკოკარტელების წინააღმდეგ და აშშ-ის არმიის დახმარება შესთავაზა:

"შესანიშნავი ოჯახი და მეგობრები იუტადან აღმოჩდნენ ორ სასტიკ ნარკოკარტელს შორის სროლის შუაში. შედეგად, ბევრი დიდებული ამერიკელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ზოგი დაკარგულად ითვლება. თუ მექსიკას სჭირდება და ითხოვს დახმარებას ამ მონსტრებთან ბრძოლაში აშშ მზადაა, სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც ჩაერიოს და საქმე სწრაფად და ეფექტურად შეასრულოს. მექსიკის ახალი შესანიშნავი პრეზიდენტი ამ საკითხზე ბევრ მუშაობს, მაგრამ კარტელები უფრო დიდები და ძლიერები ხდებიან. ზოგჯერ არმიაა საჭირო, რომ არმია დაამარცხო. დროა მექსიკამ, აშშ-ის დახმარებით ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი აწარმოოს და დედამიწის ზურგიდან წაშალოს ისინი. ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდებული პრეზიდენტის ზარს ველოდებით!" დაწერა მან.


ფოტო: Twitter
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მორმონების ოჯახი მანქანაში ჩაცხრილეს. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

ოჯახი მექსიკაში, მორმონების თემში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ოჯახის ნათესავების თქმით დაღუპულია 9 ადამიანი, 4 არასრულწლოვანი ბიჭი, ორი გოგო და 3 ქალი, თუმცა ოფიციალური პირები მხოლოდ 5 პირის გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი.

თავდასხმა აშშ-ის მოსაზღვრე სონორას და ჩიუაუის შტატებს შორის მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისათვის უცნობია.

შტატების მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

2010 წელს ჩიუაუის მორმონების თემის ორი წევრი მას შემდეგ მოკლეს, რაც შტატის უშიშროების ძალებმა ნარკოკარტელის წევრები დააკავეს. მექსიკაში ხშირია მორმონების თემიდან გატაცების ფაქტები.

კომენტარები