თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, PAUL-მა ადგილის შეცვლა მათ სთხოვა

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხობში PAUL თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელ ლევან რამიშვილს და ორგანიზაციის დირექტორსა და წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ორგანიზაციის წევრი კატო კოპალეიშვილი Facebook-ზე ავრცელებს და წერს, რომ 2 ნოემბერს დილით ზემოაღნიშნულ საცხობში ყოფნის დროს ორმა კაცმა ლევან რამიშვილის მიმართ ხმამაღალი გინება დაიწყეს. 

როგორც კოპალეიშვილი წერს, რამიშვილი ამ დროს მობილურში იყურებოდა და მან ვერ გაიგონა მის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები. კოპალეიშვილის თქმით, ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"რომ მომბეზრდა და შევწუხდი, წყნარად ვუთხარი, ან გაჩუმდებით და ზრდილობიანად ისაუბრებთ, ან გახვალთ-მეთქი,"- წერს კოპალეიშვილი. 

მისი თქმით, ამას კვლავ მოჰყვა შეურაცხმყოფელი ეპითეტები და თავის მართლება, რომ ქალებს არ ერჩიან. 

როგორც კოპალეიშვილი წერს, მან მენეჯერთან გასაუბრება მოითხოვა, რა დროსაც მასთან ოფიციანტი მივიდა და სთხოვა, რომ მეორე სართულზე ასულიყვნენ, რა დროსაც აგრესიულ კლიენტებთან დაცვა მივიდა. 

მისი თქმით, მენეჯერი მათთან მას შემდეგ მივიდა, რაც აგრესიულმა ადამიანებმა საცხობი დატოვეს და მას სთხოვა, რომ გადაღებული ვიდეო Facebook-ზე არ დაეპოსტა. 

"ეს ხალხი ხშირად დადის ჩვენთან, ძალიან ზრდილობიანები არიან და შემდეგში ისე ვიზამთ რომ იზოლირებულები იყოთო. ვუყურებთ ოთხივე. ქალს შეუძლია როგორც დამშვიდება კაცების, ისე გამძაფრებაო,"- წერს კოპალეიშვილი. 

ტაბულა დაუკავშირდა PAUL-ის აბაშიძის ფილიალს და ამ ამბავთან დაკავშირებით მენეჯერთან გასაუბრება მოითხოვა, რაზეც გვითხრეს, რომ მენეჯერი ადგილზე არ არის და 2 საათში იქნება. ჟურნალისტის არაერთ თხოვნაზე, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირისთვის გადაეცათ ყურმილი, პასუხი უცვლელი იყო, რომ 2 საათში დაგვერეკა. ამის შემდეგ ტაბულას ჟურნალისტი ადგილზე მივიდა და მენეჯერთან გასაუბრება მოითხოვა, რის შემდეგაც ჩვენთან მარგარიტა გოგოლაძე გამოვიდა, რომელიც მენეჯერის ასისტენტად გაგვეცნო. 

ტაბულამ გოგოლაძეს ჰკითხა, როგორია PAUL Georgia-ს პოლიტიკა, როდესაც დარბაზში აგრესიული მომხმარებლები ჰყავთ, რომლებიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ, რაზეც მენეჯერის ასისტენტმა გვიპასუხა, რომ ამ შეკითხვაზე მათი პასუხი ისაა, რომ ლევან რამიშვილი კვლავ დარბაზშია, ხოლო პირები, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, იქ აღარ იმყოფებიან. 

"ვიდეოში ჩანს, რომ ჩვენი დაცვის თანამშრომელი დგას იმ პირთან და ეუბნება, რომ დამშვიდდეს და მიბრძანდეს ადგილიდან". 

გოგოლაძის თქმით, ის ადამიანი, რომელმაც ლევან რამიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, PAUL-ის ხშირი სტუმარია და მას აგრესიულს ვერ უწოდებს. 

"მე მას ვერ ვუწოდებ ადამიანს, რომელიც აგრესიულია, რადგან ჩვენთან და ჩემს კოლეგებთან არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა,"- ამბობს გოგოლაძე ტაბულასთან საუბრის დროს. 

გოგოლაშვილი უარყოფს, რომ PAUL-მა ლევან რამიშვილსა და თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს მეორე სართულზე ასვლა სთხოვა, იგი ასევე უარყოფს, რომ მათ უთხრა "ქალს შეუძლია, როგორც სიტუაციის დამშვიდება, ისე გამწვავება". 

კომენტარები