ბიუჯეტი

თბილისის მერიამ ახალ ნაძვის ხეში და განათებებში 2,7 მილიონი ლარი გადაიხადა

თბილისის მერიამ, ახალი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ჯამურად 2,734 მილიონი ლარი (829,512 ევრო) გადაიხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ თბილსერვის ჯგუფმა სულ სამი ტენდერი გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში ტენდერი იტალიურმა კომპანიამ IDO SRL-მა (IDOLIGHT) მოიგო. 

სულ იტალიურ კომპანიასთან 3 ხელშეკრულება გაფორმდა, მათ შორის ერთი საშობაო ნაძვის ხეზე და ორი საახალწლო განათებულ კონსტრუქციებსა და აქსესეუარებზე. 

ახალი საშობაო ნაძვის ხის ღირებულება მილიონ ლარს (304 ათასი ევრო) აღემატება. ხელშეკრულება მხარეებს შორის მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ახალი ნაძვის ხე თბილისის მერიამ 11 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. 

საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარებზე სულ ორი ტენდერი გამოცხდდა. 21 სექტემბერს გაფორმებული პირველი ხელშეკრულების მიხედვით, საზეიმო პროდუქციაში თბილისის მერიამ 453 ათასი ლარი (137 ათასი ევრო) გადაიხადა. რამდენიმე დღეში მერიამ იგივე კომპანიასთან, იგივე პროდუქციაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა. მეორე ხელშეკრულების ღირებულებამ 1,3 მილიონ ლარამდე (387 ათასი ევრო) შეადგინა.

ცნობისთვის ეს იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობის უკვე მეორე შემთხვევაა. 2018 წლის  29 ნოემბერს თბილისის მერიამ განათებულ კონსტრუქციებში და აქსესუარებში 691 ათასი ევრო გადაიხადა.

კომენტარები