აშშ-ის კონგრესმა ოსმალეთის იმპერიის დანაშაულები სომეხთა გენოციდად ცნო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულები სომეხთა გენოციდად ცნო.

რეზოლუცია მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 11.

დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მსხვერპლების ხსოვნას პატივს მიაგებს:

"გენოციდის ცნობით ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლების ხსოვნას და პირობას ვდებს: აღარასოდეს განმეორდება."

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ეს პასუხია მათ სამხედრო ოპერაციაზე ჩრდილოეთ სირიაში.

"წრეები, რომლებსაც სჯერათ, რომ ამგვარად შურს იძიებენ, ცდებიან. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, ძალადაკარგულია ჩვენი მთავრობისა და ხალხისათის." დაწერა ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთი უარყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის, ანუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით სომხების სისტემური მკვლელობა ხდებოდა.

წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა ამ ოპერაციის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები დაუწესა, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა მან სანქციები მოხსნა.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მებრძოლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების შესახებ.

კომენტარები