ტაქსების რეგულაცია

კალაძე: თბილისის მოსახლეობის 57% მომხრეა და წარმატებულს უწოდებს ტაქსების რეფორმას

instagram.com/kakhakaladze/

"სოციალურ ქსელებშიც აქტიურები ვართ, საზოგადოებას რეალურ ინფორმაციას ვაწვდით, კვლევაც კი არის ჩატარებული - თბილისის მოსახლეობის 57% მომხრეა და წარმატებულს უწოდებს ტაქსების რეფორმას", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე იმედის ეთერში.

მისივე თქმით, ამ რეფორმით თავად ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილიც კმაყოფილია, - "მოდი გავაჩეროთ დღეს თეთრი ტაქსი და დარწმუნებული 99% თუ 100 არა კმაყოფილია ჩვენ მიერ წამოწყებული რეფორმით. რეფორმა არ დასრულებულა, ეს მეორე ეტაპია", - ასე აფასებს კახა კალაძე ტაქსების რეფორმას.

მან კვლავ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროს, თავისი მომხმარებელი, ხოლო ტაქსის თავისი მომხმარებელი ჰყავს.

"უნდა გავმჯნოთ, ტაქსების რეფორმა მეტროსთან კავშირში არაა. ტაქსის ჰყავს თავისი მგზავრი, მეტროს თავისი.

ჩვენ იმის ფუფუნება და შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ჯერ ერთი პროექტი გავაკეთოთ, შემდეგ დავსხდეთ და ველოდოთ "მოდი ახლა ეს პროექტი დამთავრდება და მერე დავიწყოთ მეორე", სად არის მაგის დრო? ოთხი წლით ვარ არჩეული და ხალხმა სწორედ იმიტომ ამირჩია რომ საქმე გავაკეთო და ის პროექტები განვახორციელო, რომლებსაც ვაკეთებ", - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

თუ რა შედეგები მოიტანა ტაქსების რეგულაციებმა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები