მეუფე მელქისედეკი მეუფე იაკობის განცხადებაზე: თუ ეს ხდებოდა, რატომ იყო აქამდე დუმილი?

იმედი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მეუფე იაკობის განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

მელქისედეკი ამბობს, რომ სინოდის სხდომა აუცილებელია, რომელის ჩანიშვნაც ილია მეორეზეა დამოკიდებული. 

"კითხვები ძალიან ბევრია დაგროვებული და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, იმიტომ რომ მრევლიც, სამღვდელოებაც უკვე ძალიან დაიძაბა ყველა და გვინდა, რომ პასუხები გავიგოთ, თუ რა ხდება... 

პირდაპირ ვიტყვი, რომ ამის [მეუფე იაკობის განცხადებებზე] არაფერი ვიცოდი. თუ ეს ხდებოდა, რატომ იყო აქამდე დუმილი?- მე არ ვიცი"- აღნიშნა მან. 

........

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები