რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოსაკითხად პროკურატურაში გიორგი გაბუნიაც მივიდა

Facebook/ გიორგი გაბუნია

რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი წამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში რუსთავი 2-ის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოსაკითხად მივიდა. 

გაბუნიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მთავარი არხის ჟურნალისტების პროკურატურაში დაბარებას არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაკავების მცდელობას უკავშირებს. 

"ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე მთავარი არხის განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეყოვნება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც ახლა ვერ მოხერხდება," - ამბობს საძაგლიშვილი. 

რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარეს. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

კომენტარები