რუსთავი 2

პაატა სალია: დვალისა და აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი დაგვიანებულია. ასე გამოეხმაურა სალია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების გადაწყვეტილებას, დაიწყონ ახალი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად.  

"ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა, ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი. მათ ამ სარჩელის წარდგენა, როგორც მინიმუმ, უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე",-თქვა პაატა სალიამ. 

სალიას თქმით, სარჩელის შინაარსზე საუბარი ნაადრევია. თუმცა ის ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელსა და დვალი-აქიმიძის სარჩელს შორის განსხვავება დროშია. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით ათწლიანი ხანდაზმულობის პერიოდში მიმართა.  

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებi, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელეკომპანიის დაბრუნებაზე ახალ დავას იწყებენ. ისინი სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანას გეგმავენ, მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე იქნება. 

კახა კოჟორიძის განმარტებით, გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებსაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დაეყრდნო. მისივე თქმით, მათი ყველა მოქმედება იქნება ღია და საჯარო. ისინი მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ პროცესს.

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს, რომ "მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი".

"რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?" - კითხულობს ხალვაში. 

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, მან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები